არაქისის კარაქი – მისი შენახვის ვადა და პირობები

როგორ შევარჩიოთ არაქისის კარაქი

მიწის თხილისგან დამზადებული პროდუქცია, მაღალი კვებითი ღირებულებისა და სასარგებლო თვისებების გამო, ამერიკასა და ევროპაში, ლამის ნახევარი საუკუნეა, როგორც უფროსების, ასევე ბავშვების ყოველდღიური რაციონის ნაწილია. საქართველოში არცთუ დიდი ხანია, პოპულარული გახდა, თუმცა არაქისის კარაქის თვისებები და გემო მალევე დააფასეს ქართველმა მომხმარებლებმა. დღეს არაქისის კარაქს მიირთმევენ სენდვიჩებში, ხილთან ერთად, იყენებენ ნამცხვრებში… მაგრამ, შეიძლება, ბევრმა არ იცოდეს, როგორ და რა პირობებში ინახება მიწისთხილის კარაქი.

არაქისის კარაქი შემდეგნაირად მზადდება:

არაქისის მარცვლებს ათავისუფლებენ უხეში პარკისგან, ხალავენ ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე, შემდეგ ძალიან წმინდად ფქვავენ და კრემისებრ კონსისტენციამდე მიჰყავთ. ხარისხიანი საბოლოო პროდუქტი უნდა იყოს ბაცი ყავისფერი (მოყვითალოში გადასული) და ჰქონდეს მოხალული მიწის თხილის არომატი. ის უნდა იყოს ერთგვაროვანი, ნაზი კონსისტენციის, ყოველგვარი მსხვილი ფრაქციებისა და ნაწილების გარეშე.

პროდუქტის შემადგენლობაში რამე სხვა სახის ცხიმის არსებობა დაუშვებელია. ამიტომ, შეძენის წინ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მწარმოებლის მიერ ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას, არის თუ არა მიწისთხილის კარაქი დანამატების გარეშე.

არაქისის კარაქი, რომელსაც კაკაოს ფხვნილი აქვს დამატებული, უფრო მუქი ყავისფერია. როცა შემადგენლობაში მითითებულია მხოლოდ არაქისი, მას მუქი ფერი არ უნდა ჰქონდეს.

თუ მიწისთხილის კარაქი ნატურალური თაფლით არის დამზადებული, რაც ტრადიციული ამერიკული რეცეპტია, მასაც ასევე ბაცი ყავისფერი შეფერილობა აქვს და შესანიშნავი სნექია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ნატურალური ტკბილეული უყვართ.  

ასევე, არაქისის კარაქის ყიდვა თუ გადაწყვიტეთ, დააკვირდით წარმოების თარიღს და შენახვის ვადას, რათა ვადაგასული პროდუქტი არ შეგრჩეთ ხელში.

არაქისის კარაქის შენახვის პირობები

არაქისის კარაქი დაფასოებულია მჭიდროდ თავდახურულ შუშის ქილაში.

ქილის გახსნამდე პროდუქტი თამამად შეგიძლიათ, უმაცივროდ შეინახოთ. არაქისის კარაქის შენახვის ვადა პირდაპირ არის დამოკიდებული შენახვის პირობებზე. მაგალითად, გრილ და ბნელ ადგილზე შენახვისას არაქისის კარაქი სასარგებლო თვისებებს ერთი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს, ხოლო სინათლისა და სითბოს ზემოქმედება ამ ვადას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

მას შემდეგ, რაც მიწისთხილის კარაქის ქილას გახსნით, კვლავ შეგიძლიათ, ის უმაცივროდ შეინახოთ, თუმცა გამოყენების შემდეგ ყოველ ჯერზე სახურავი მაქსიმალურად მჭიდროდ უნდა დაახუროთ.

იმ პროდუქტის სტრუქტურა, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე ინახება, განსხვავდება მაცივარში შენახული პროდუქტის სტრუქტურისგან. ოთახის ტემპერატურაზე არაქისის კარაქი რბილდება, ხოლო მაცივარში, დაბალ ტემპერატურაზე, უფრო მაგრდება.

შენახვის დაბალი ტემპერატურა პროდუქტის შენახვის ვადას ზრდის. სიცივეში შენახვის შემთხვევაში უკეთესად შენარჩუნდება არაქისის კარაქის სასარგებლო თვისებები (არაქისის შემადგენლობაშია ანტიოქსიდანტები, მინერალები, ვიტამინები, ცილები, პოლიუჯერი ცხიმები).

როცა არაქისის კარაქი 25 გრადუსამდე სითბოში ინახება, შენახვის ვადა 3 თვემდე მცირდება.

უფრო კონკრეტულად არაქისის კარაქის შენახვის ვადების შესახებ

ინფორმაცია, თუ როგორ ტემპერატურაზე რამდენ ხანს ინახება არაქისის კარაქი, მითითებულია პროდუქტის შეფუთვაზე.

ზოგადად, მიწის თხილის კარაქის შენახვის ვადა 12 თვეა და ვადის ათვლა პროდუქტის დამზადების თარიღიდან იწყება (თუკი ქილა არ არის გახსნილი). ქილის გახსნის შემდეგ კი არაქისის კარაქის შენახვის ვადა 3 თვეა.

მთელი ვადის განმავლობაში, რომელზეც მწარმოებელი შენახვის გარანტიას გასცემს, არაქისის კარაქის შემადგენლობა არ იცვლება. პროდუქტი ინარჩუნებს როგორც სასარგებლო და გემოვნურ თვისებებს, ასევე კვებით ღირებულებას.

როგორ შევინახოთ სახლში დამზადებული არაქისის კარაქი

სახლში არაქისის კარაქის მომზადება, ერთი შეხედვით, მარტივი საქმეა, თუმცა ამ დროს უნდა მოახერხოთ ტექნოლოგიური პროცესების მაქსიმალურად დაცვა, რათა პროდუქტმა სასარგებლო თვისები შეინარჩუნოს.

სახლში დამზადებული არაქისის კარაქის შესანახად დაგჭირდებათ შუშის ქილები და მჭიდრო თავსახურები. ქილებს არ უნდა ჰქონდეს უმნიშვნელო ბზარიც კი, ხოლო თავსახური სუფთა უნდა იყოს ჟანგისგან და ნაკაწრებისგან. შუშის ქილები წინასწარ აუცილებლად უნდა გაასტერილოთ, კარგად გამოაშროთ.

ქილა მიწის თხილის კარაქით ბოლომდე უნდა შეავსოთ, რათა ჰაერისთვის ადგილი არ დარჩეს, შემდეგ კი – თავსახური ჰერმეტულად დაახუროთ. სახლში დამზადებული არაქისის კარაქის შენახვა აუცილებელია სიცივეში და შენახვის ვადა 1 კვირაა.

შეიძლება თუ არა არაქისის კარაქის გამოყენება, თუკი შენახვისას თავზე „ზეთს“ მოიდგამს?

ასეთი რამ ხშირად ხდება და არანაირ საფრთხეს არ შეიცავს არც პროდუქტისთვის და არც ადამიანისთვის, ვინც მას შეჭამს. თუკი ვარგისიანობის ვადა არ ამოწურულა და პროდუქტი სწორ პირობებშია შენახული, საკმარისია, ქილაშივე ფრთხილად ამოურიოთ და შეგიძლიათ ჩვეულებრივ გამოიყენოთ.

დასკვნის სახით

როგორც ხედავთ, ქარხნულად დამზადებული, ნატურალური არაქისის კარაქის შენახვა რთული საქმე არ არის. ასე რომ, გაითვალისწინეთ არაქისის კარაქის უკუჩვენებები, რის შესახებაც შეგიძლიათ, ჩვენს ბლოგში წაიკითხოთ, შემდეგ კი მიირთვით პირველი ქართული ნატურალური არაქისის კარაქი – ისიამოვნეთ და იყავით ჯანმრთელი.

იხილეთ საინტერესო სტატია: არაქისის კარაქის დიეტა

არაქისის კარაქი დანამატების გარეშე

ყიდვა