ალბათ ბევრ თქვენგანს მიაჩნია, რომ არაქისი თხილია, მაგრამ ასე არ არის. არაქისი პარკოსანთა ოჯახიდან არის, ისევე როგორც, მაგალითად, ბარდა ან ლობიო.
მე-19 საუკუნის ბოლოს, ცნობილმა ამერიკელმა ფიზიოთერაპევტმა და სიმინდის ბურბუშელის შემქმნელმა ჯონ კელოგმა ადამიანებს შესთავაზა, არაქისის კარაქით ჩაენაცვლებინათ ხორცი. ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით მათთვის იყო გამიზნული, ვისაც ხორცის აუტანლობა ჰქონდა ან მაგარი საკვების დაღეჭვა უჭორდა.
მიწის თხილის სასარგებლო თვისებებს ჯერ კიდევ აშშ-ს სამოქალაქო ომის დროს (1861-65) მიაქციეს ყურადღება – ამერიკელი ჯარისკაცები ბრძოლების შემდეგ ძალების აღსადგენად სწორედ არაქისს ჭამდნენ.
მიწის თხილის კარაქის სასარგებლო თვისებები
არაქისის კარაქი ბევრ სასარგებლო კომპონენტს, მინერალებსა და ვიტამინებს შეიცავს.
ამ ჯადოსნური პროდუქრტის შემადგენლობაშია:
- ცილები ანუ პროტეინები, რაც კუნთოვანი ქსოვილის საფუძველია;
- პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ენერგიის წყაროა. ორგანიზმში მათი სინთეზი არ ხდება, ამიტომ ადამიანმა საკვებით უნდა მიიღოს;
- ვიტამინები და მინერალები, რომელთა გარეშე სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლებელია.
კერძოდ, არაქისის კარაქის ქიმიური შემადგენლობა ასეთია:
კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, თუთია, რკინა, მანგანუმი, სპილენძი და სელენი.
არაქისის კარაქში შემავალი ვიტამინებია:
- ქოლინი (ვიტამინი B4) – ეხმარება ღვიძლს, ნერვულ სისტემას, კუნთების ფუნქციას, მეტაბოლურ და ზოგადად მონელების პროცესებს;
- ნიკოტინმჟავა (ვიტამინი ვიტამინი PP, ან იგივე B3) – აუცილებელია ჟანგვა-აღდგენითი პროცესებისათვის, ნახშირწყლების ცვლისთვის, გულ-სისხლძარღვთა ფუნქციონირებისთვის;
- ფოლიუმის მჟავა (B9) – საჭიროა სისხლწარმოქმნისთვის, ნერვული სისტემისთვის, დნმ-ის სინთეზისთვის, ერითროციტების წარმოებისთვს.
- პანტოთენის მჟავა (B5) – ეს ჰორმონების „საშენი მასალაა“. აუმჯობესებს თავის ტვინის სისტემის მუშაობას, იმუნიტეტს, კანის სიმკვრივეს, ნაწლავის პერისტალტიკას.
- ასევე, ვიტამინები: E, B1, B2, K.
არაქისის კარაქის კალორიულობაა 570 კკალ 100 გრამ პროდუქტში. ამასთან, არაქსის კარაქის 100 გრამი შეიცავს: 30 გრ. ცილას. 46 გრ. ცხიმებს, 12 გრ. ნახშირწლებს.
არაქისის კარაქს იყენებენ მედიცინაში და დიეტური კვების დროს.
თუ არაქისის კარაქს ყოველდღიურ რაციონში შეიტანთ:
- სისხლში დაიწევს „ცუდი“ ქოლესტერინის დონე;
- ამაღლდება იმუნიტეტი;
- შემცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რადგან არაქისის კარაქი არ შეიცავს ქოლესტერინს;
- ნორმალიზდება ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის მუშაობა;
- ხელს შეუწყობს კანის, თმის და ფრძხილების სიჯანსაღეს (ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის დამსახურებით);
- აღდგება ჰორმონალლური ფონი (ფოლიუმის მჟავის დახმარებით);
- შეაფერხებს შარდსასქესოს სისტემის პათოლოგიების განვითარებას;
არაქისის კარაქის მოხმარება განსაკუთრებით რეკომენდებულია სპორტსმენებისთვის – არაქისის კარაქის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით შემავალი პროტეინები ეხმარება კუნთის მასის მომატებას და აღდგენას.
აღსანიშნავია, რომ როგორც არაქისის, ასევე არაქისის კარაქის გლიკემიური ინდექსი ძალიან დაბალია, რაც ამცირებს ინსულინის მიმართ ორგანიზმის რეზისტენტულობას და ხელს უწყობს წონის კონტროლს, რადგან მსგავსი სახის საკვები შიმშილის გრძნობას თრგუნავს.
მაგალითისთვის: გლიკემიური ინდექსით არაქისი ისეთი პროდუქტების სიაშია, როგორიც არის – ბროკოლი, კიტრი, ნიახური, ისპანახი, სატაცური, შავ მოცხარი…
დაბალი გლიკემიური ინდექსის შემცველი პროდუქტი სასარგებლოა არა მხოლოდ დიაბეტით დაავადებული ადამიანისთვის, არამედ, ზოგადად, ყველასთვის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ჩინელი ექიმების ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, კვირაში 2-3-ჯერ არაქისის მოხმარება საყლაპავი მილის კიბოს რისკს 35%-ით ამცირებს.
ექიმების რეკომენდაციით, არაქისის კარაქი ჯანმრთელობისთვის, რა თქმა უნდა, სასარგებლოა ზომიერი მოხმარების პირობებში – დღეში ადამიანმა, დაახლოებით, 30-40 გრ. უნდა მიიღოს. ცნობისათვის:
- არაქისის კარაქი 30 გრ. = 1.67 სადილის კოვზი;
- არაქისის კარაქი 40 გრ. = 2.2 სადილის კოვზი.
- არაქისის კარაქი 50 გრ. = 2.78 სადილის კოვზი.
არაქისის კარაქის უკუჩვენებები:
არაქისის კარაქს, ისევე როგორც ნებიმიერ საკვებ პროდუქტს, თავისი უკუჩვენებები გააჩნია. კერძოდ კი:
- მიწის თხილი ალერგიული პროდუქტია, ამიტომ როგორც უშუალოდ არაქისის, ისე არაქისისგან დამზადებული საკვების მოხმარებისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ამ პროდუქტის მიმართ ალერგიულმა ადამიანებმა;
- ასევე, აღსანიშნავია, რომ არაქისის კარაქი მაღალკალორიული პროდუქტია, ამიტომ კვების რაციონში ეს პროდუქტი ექიმის რეკომენდაციით უნდა შეიტანოს იმ ადამიანმა, ვისაც ნივთიერებათა ცვლის მძიმე დარღვევები აღენიშნება;
- ასეთი პროდუქტი უმჯობესია, ასევე ექიმის რეკომენდაციის შემდეგ მიიღონ: ქალებმა ფეხმძიმობის პერიოდში და ართრიტებისა და ართროზებისკენ მიდრეკილმა ადამიანებმა.