ბლოგი

5 ცნობილი ფილმი არაქისის კარაქის საკულტო სცენებით

ფილმები არაქისის კარაქით - 5 ცნობილი ფილმის საკულტო სცენა

ფილმები არაქისის კარაქით ცალკე ჟანრი არ არის, მაგრამ ეს პროდუქტი არაერთ საკულტო სცენაში მოხვდა. თუ ეს ფილმები ჯერ არ გინახავთ, ბედნიერი ყოფილხართ - წინ დიდი სიამოვნება გელით. ჩვენ კი მანამდე მოგიყვებით, თუ რატომ მოგვწონს აქ ჩამოთვლილი სცენები არაქისის კარაქის მოყვარულებს. რა თქმა უნდა, ვეცდებით, არ დაგასპოილეროთ.

მძიმე დანაშაული / Breaking Bad (სერიალი, აშშ, 2008)

სცენა:

უოლტერ უაითი (ბრაიან კრენსტონი) იდეალურ სენდვიჩს აკეთებს - პურზე იმდენად გულმოდგინედ უსვამს არაქისის კარაქსა და ჟელეს, რომ ზედაპირი სარკესავით სწორია და „ნაოჭის“ ნასახიც არ ჩანს. ისეთი განცდა გრჩება, თითქოს ამ პროცესში ნერვებს იწყნარებს.

ვინ არის სცენის გმირი?

უოლტერ უაითი შუახნის მამაკაცია. ის ადრე ქიმიის მასწავლებელი იყო, რომელმაც ნარკოტიკების დამზადებას მიჰყო ხელი.

მის ასეთ ტრანსფორმაციას მაყურებლები ხუთი სეზონის განმავლობაში ვაკვირდებოდით. კეთილი პედაგოგი სხვა ადამიანად იქცა, თუმცა მიწის თხილის კარაქის სცენა გვახსენებს, სინამდვილეში როგორი პედანტია ეს პერსონაჟი – ყურადღებას აქცევს წვრილმანებს, ყოველთვის იცავს ფორმალურ წესებს და ამას მოითხოვს სხვებისაგან;

რატომ მოგვწონს ეს სცენა არაქისის კარაქის მოყვარულებს?

იმიტომ, რომ არაქისის კარაქი ყველანაირი პერსონაჟის საყვარელი პროდუქტია და ასეთი მძიმე ტრანსფორმაციის შემდეგაც რჩება მათ ყოველდღიურ ჩვევებში.

სამყაროთა ომები / War of the Worlds (აშშ, 2005)

სცენა:

რეი ფერიე (ტომ კრუზი) გაბრაზებული ისვრის ფანჯრიდან არაქისის კარაქგადასმულ პურის ნაჭრებს, რომლებიც თავის შვილებს, რობისა და რეიჩელს, გაუმზადა.

ვინ არის სცენის გმირი?

რეი ფერიე ცოლს გაშორებული ნავსადგურის ამწის ოპერატორია და იდეალური მამაც არ გახლავთ. ერთხელაც ყოფილმა მეუღლემ მას შვილები დაუტოვა. სწორედ რეის და ბავშვების ერთად ყოფნის დროს უცნაური და ძალიან ძლიერი ქარიშხალი ამოვარდება.

რეიმ შვილებს საჭმელი უნდა გაუმზადოს, ამ დროს კი გარეთ ქვეყანა იქცევა. რეი არცერთი ამ ამბისთვის მზად არ არის, თუმცა იმას მაინც მოახერხებს, რომ არაქისის კარაქი ხის კოვზით გადაუსვას პურის ნაჭრებზე და ბავშვებს შესთავაზოს. არაქისიან ბუტერბროტებზე ქალიშვილი უარს ეტყვის, რადგან, თურმე, მას არაქისზე ბავშვობიდან ალერგია აქვს. რეი მიხვდება, რომ საერთოდ არ იცნობს თავის შვილებს და გამზადებულ ბუტერბროტებს ნერვულად მოისვრის სანაგვეზე.

რატომ მოგვწონს ეს სცენა არაქისის კარაქის მოყვარულებს?

იმიტომ, რომ ჩვენც ყოველთვის არაქისის კარაქი გვახსენდება, როცა რამეზე ვნერვიულობთ.

სუბურბიკონი / Suburbicon (აშშ, 2017)

სცენა:

მარგარეტი (ჯულიან მური) პურზე არაქისის კარაქს გადაუსვამს და ზედ ცივსისხლიანად საწამლავს აყრის.

ვინ არის სცენის გმირი?

ფილმის სიუჟეტი გასული საუკუნის 50-იან წლებში, პროვინციულ ამერიკულ ქალაქში ვითარდება. ერთ დღეს ერთ-ერთ სახლში, სადაც განათლებული და მოწესრიგებული ოჯახი ცხოვრობს, უცნობი შეიჭრება და დიასახლისს მოკლავს. პატარა ნიკი დედის გარეშე რჩება. მასთან დეიდა მარგარეტი ჩადის, რათა ბავშვის მამას და თავად პატარას ტრაგედიის გადატანაში დაეხმაროს. თუმცა, ნიკი მიხვდება მამის და დეიდის ბოროტ განზრახვას. ამას დეიდა მარგარეტიც იგრძნობს და ბავშვის მოწამვლას გადაწყვეტს. და რა იქნება ამისთვის უფრო შესაფერისი, ვიდრე ყველასთვის საყვარელი არაქისიანი ბუტერბროდი, რომელზეც, დეიდის ვარაუდით, ნიკიც არ იტყვის უარს?

რატომ მოგვწონს ეს სცენა არაქისის კარაქის მოყვარულებს?

ფილმის მოქმედება 1959 წელს ვითარდება. Suburbicon ამერიკული ოცნების ერთგვარი განსახიერებაა: იდეალურად გაკრეჭილი გაზონები, მუდმივად გამოწკეპილი ადამიანები, თეთრი ღობეები და, რა თქმა უნდა, ბუტერბროდი მიწის თხილის კარაქით. 1950-იანი წლებიდან არაქისის კარაქი უკვე საყოველთაო ამერიკული სნექი ხდება.

ასე რომ, არაქისის კარაქს ამერიკულ ოცნებაშიც აქვს თავისი ადგილი – ეს არის შეუცვლელი საუზმე ან ვახშამი „ჩვეულებრივი“ ოჯახისთვის.

საინფელდი / Seinfeld (სერიალი, აშშ, 1989)

სცენა:

ჯორჯ კოსტანზა (ჯეისონ ალექსანდერი) არაქისის კარაქს პირდაპირ ქილიდან მიირთმევს, უფრო სწორად - თითებით ჭამს.

ვინ არის სცენის გმირი?

ჯორჯ კოსტანზა წარმატებული კომედიანტის, ჯერი საინფელდის ახლო მეგობარია. ამ სცენაში ტახტზე მოკალათებული ჯორჯი სწორედ ჯერის არაქისის კარაქს მიირთმევს პირდაპირ ქილიდან. მართალია, ამის დანახვით გაკვირვებულ ჯერის ბოდიშს მოუხდის, მაგრამ ბოდიშის შემდეგ ისევ გემრიელად ამოუსვამს თითებს არაქისის კარაქიან ქილაში და ჭამას აგრძელებს.

საინფელდის ფანატებმა იციან, რომ სწორედ ეს არის შოუს არსი – ყოველი პერსონაჟი იმას აკეთებს, რაც თავად სიამოვნებს და არაფრად აგდებს სხვების აზრს. მაყურებელი ხვდება, რომ ასე მოქცევა, სულ ცოტა, უხერხულია. „საინფელდი“ ქართულად თუ ორიგინალში - ეს სცენა ორივე ვერსიაში ერთნაირად სასაცილოა.

რატომ მოგვწონს ეს სცენა არაქისის მოყვარულებს?

აქ ღრმა აზრის ძებნა საჭირო არ არის. მოგვწონს იმიტომ, რომ ნებისმიერ ჩვენგანს ერთხელ მაინც გვიჭამია ეს გემრიელობა ასე, პირდაპირ ქილიდან, ან, სულ ცოტა, მოგვდომებია ამის გაკეთება.

გაიცანით ჯო ბლექი / Meet Joe Black (აშშ, 1998)

სცენა:

ჯო ბლექის (ბრედ პიტი) სახელს ამოფარებული და დედამიწაზე ჩამოსული სიკვდილი პირველად აგემოვნებს არაქისის კარაქს, რომელსაც გავლენიანი გაზეთის მაგნატის უილიამ პერიშის მდიდრული სახლის სამზარეულოში მიაგნო.

ამ სცენაში ბრედ პიტი, თავისი გენიალური შესრულებით, ზუსტად გადმოსცემს იმ ნეტარებას, რომელიც არაქისის კარაქის გასინჯვას მოაქვს. წარმოუდგენელია, გასინჯვა არ მოგინდეთ.

რატომ მოგვწონს ეს სცენა არაქისის მოყვარულებს?

მიწის თხილის კარაქის შეუდარებელი გემო ნებისმიერს აღაფრთოვანებს – თვით სიკვდილსაც კი. ჯო ბლექმა დედამიწაზე პირველი ადამიანური სიამოვნება სწორედ არაქისის კარაქით მიიღო.

ზემოთ ცალკეული სცენები ჩამოვთვალეთ, თუმცა არსებობს ფილმები, რომლებშიც „მთავარი პერსონაჟი“ მიწის თხილის კარაქია. ესენია:

ბონუსი: კიდევ ორი ფილმი არაქისის კარაქზე

არაქისის შევარდენი / The Peanut Butter Falcon (აშშ, 2019)

„არაქისის შევარდენი“ სულისშემძვრელი და სამოტივაციო ფილმია ბიჭზე, რომელიც ოცნებისკენ მიისწრაფვის. თუ „ფორესტ გამპისა“ და „წვიმის კაცის“ თაყვანისმცემელი ხართ, ეს ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ.

მთავარი პერსონაჟი, დაუნის სინდრომის მქონე 22 წლის ზაკი (ზაკ გოტსაგენი), სახელმწიფო თავშესაფრიდან გარბის, სადაც ცხოვრობს, რათა ოცნება აისრულოს. ის პროფესიონალ მოჭიდავეობაზე ოცნებობს და თავისი კერპის, Salt Water Redneck-ის ჭიდაობის სკოლაში მოხვედრა სურს. გზაში მას მეთევზე ტაილერი (შაია ლაბაფი) შეუერთდება, მეტსახელს - „არაქისის შევარდენს“ - კი ზაკი თავად დაირქმევს.

რატომ მოგვწონს ეს ფილმი არაქისის კარაქის მოყვარულებს?

იმიტომ, რომ აქ არაქისის კარაქი უბრალო საჭმელი კი არა, გმირის სახელია. ფილმის ყურებისას „არაქისის შევარდენს“ ისე გულშემატკივრობთ, თითქოს რინგზე თავად გადიხართ.

გადაწყვეტილება არაქისის კარაქთან ერთად / The Peanut Butter Solution (კანადა, 1985)

ეს გენიალური საბავშვო ფენტეზია. მაიკლ ბასკინი (მეთიუ მაკეი) 11 წლის ბიჭია. ის, მეგობართან ერთად, ხანძრისგან დამწვარ სახლში შეიპარება, სადაც მიცვალებულთა სულებს შეხვდება და შეეყრება დაავადება „შიში“. მეორე დილას კი აღმოაჩენს, რომ ამ დაავადების გამო თმა მთლიანად გასცვივდა. „თმების დასაბრუნებლად“ ყველანაირი მცდელობა წარუმატებლად მთავრდება. ერთ ღამეს კი მაიკლს ისევ ის სულები დაესიზმრება. სულები თმის ამომყვანი ჯადოსნური სითხის რეცეპტს გაუმხელენ, სადაც არაქისი მთავარი ინგრედიენტია.

ფილმები არაქისის კარაქით: რომლით დაიწყებთ?

მოკლედ, თუ ამ ფილმებიდან რომელიმეთი დაინტერესდით, უკვე შეგიძლიათ, ქართული არაქისის კარაქი სნექი მოიდგათ გვერდით და გემრიელად ჩაუჯდეთ. აირჩიეთ კლასიკური არაქისის კარაქი ან ხრაშუნა არაქისის კარაქი - ორივე მხოლოდ მოხალული მიწისთხილისა და ზღვის მარილისგან მზადდება.

თუ გაინტერესებთ, როგორ გახდა ეს პროდუქტი ამერიკული კინოს „პერსონაჟი“, წაიკითხეთ არაქისის კარაქის ისტორია. ფილმის წინ სწრაფი წასახემსებლის იდეებს კი სტატიაში არაქისის კარაქი საუზმეზე - 6 სწრაფი რეცეპტი იპოვით.

წინა
არაქისის კარაქი ქალებისთვის - სარგებელი და უკუჩვენებები
შემდეგი
არაქისის კარაქის შენახვის ვადა და პირობები