ბლოგი

უსაფრთხოა თუ არა არაქისის კარაქი ძაღლებისთვის?

არაქისის კარაქი ძაღლებისთვის - უსაფრთხოა თუ არა და რამდენი შეიძლება

როცა გადაწყვეტთ არაქისის კარაქი მიირთვათ და თქვენი ოთხფეხა მეგობარი მოწყალების თვალებით შემოგყურებთ, მისი გამასპინძლებისგან თავშეკავება ნამდვილად ძნელია.

თანაც, თუკი რამ საკვები არსებობს, რომელზეც ძაღლები „ჭკუას კარგავენ“, ეს სწორედაც რომ არაქისის კარაქია, თავისი გამორჩეული, მომლაშო-მოტკბო გემოთი და განსაკუთრებული კონსისტენციით.

ამიტომ, მოდით, გავარკვიოთ, რამდენად უსაფრთხოა არაქისის კარაქი ძაღლებისთვის და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება.

არაქისის კარაქი ძაღლებისთვის - უსაფრთხოა?

რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ თქვენი ბუტერბროდი, მით უმეტეს, თუ მასზე, არაქისის კარაქის ქვეშ, ჯემი ან თაფლია გადასმული.

სხვა შემთხვევაში კი, როგორც ვეტერინარები ამბობენ (და ეს, შეგიძლიათ, თავადაც გადაამოწმოთ), არაქისის კარაქის ზომიერად მიცემა ზრდასრული ძაღლებისთვის, ძირითადად, უსაფრთხოა. არაქისის კარაქის შემადგენლობა მდიდარია ცილებით, სასარგებლო ცხიმებით, B და E ვიტამინებით, რომლებიც შინაური ცხოველისთვისაც სასარგებლოა.

თუმცა ძაღლის კვებაში ნებისმიერი ახალი პროდუქტის შეტანამდე უმჯობესია, ვეტერინარს გაესაუბროთ. რაც არ უნდა იყოს, არაქისის კარაქი ადამიანის საკვებია და დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენს ძაღლს არ ავნებს.

რატომ არის არაქისის კარაქი სასარგებლო ადამიანისთვის, ჩვენს ბლოგზე წაიკითხავთ სტატიაში არაქისის კარაქის სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები. თუკი მის შეძენას გადაწყვეტთ, ეწვიეთ ჩვენს პროდუქტების გვერდს.

როგორი უნდა იყოს არაქისის კარაქის ზომიერი დოზა ძაღლისთვის?

არაქისის კარაქი ცხიმიანია, ამიტომ არაქისის კარაქი ძაღლს ყოველდღე, ან თუნდაც კვირაში რამდენჯერმე, არ უნდა მისცეთ. ამ სასარგებლო პროდუქტის ბოროტად გამოყენებამ შეიძლება, ცხოველი გაასუქოს და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეუქმნას - მაგალითად, პანკრეატიტი გამოიწვიოს.

შეგიძლიათ, კვირაში ერთხელ, ერთი სუფრის კოვზი ულუფით გაუმასპინძლდეთ, პატარა ძაღლს კი - უფრო ნაკლებით. რა შეეხება თავად ულუფის მოცულობას, ბევრი ვეტერინარი არა მხოლოდ არაქისის კარაქის, არამედ, ზოგადად, ასეთი გემრიელობების ძაღლისთვის მიცემისას პატრონებს ურჩევს, „10 პროცენტის“ წესი დაიცვან - ანუ ტკბილეულის ულუფამ არ უნდა გადააჭარბოს თქვენი ოთხფეხა მეგობრის დღის რაციონის 10%-ს.

თუკი ამ სნექს პირველად აძლევთ, არაქისის კარაქიანი კოვზი ერთხელ ან, მაქსიმუმ, ორჯერ უნდა გაალოკვინოთ, შემდეგ კი დააკვირდით მის მდგომარეობას.

ქსილიტოლი - მთავარი საფრთხე ძაღლისთვის

არის რამდენიმე ნიუანსი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს ძაღლის პატრონმა.

უპირველეს ყოვლისა, ყურადღებით გაეცანით არაქისის კარაქის შემადგენლობას, რომლის შესახებ ინფორმაციაც ეტიკეტზეა დატანილი. არაქისის კარაქის ზოგიერთი მწარმოებელი შაქრის შემცვლელს, ქსილიტოლს (იგივე ქსილიტს) იყენებს, თუმცა ეტიკეტზე შეიძლება მხოლოდ „დამატკბობელი“ ეწეროს. ეს ნივთიერება ადამიანისთვის უსაფრთხოდ მიიჩნევა და ხშირად გვხვდება უშაქრო ნაწარმში: საღეჭ რეზინში, პიტნის კანფეტებში, ნაყინსა და პურ-ფუნთუშეულის ზოგიერთ სახეობაში. ძაღლისთვის კი ის ძალიან ტოქსიკურია: ძაღლის ორგანიზმში ქსილიტოლი ინსულინის მკვეთრ გამოყოფას იწვევს, სისხლში შაქარი სწრაფად ეცემა და ეს ცხოველის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. დიდმა დოზამ შეიძლება ღვიძლიც დააზიანოს. მოწამვლის ძირითადი სიმპტომებია ღებინება, სისუსტე, კოორდინაციის დარღვევა და კრუნჩხვები. თუ ფიქრობთ, რომ ძაღლმა ქსილიტოლიანი პროდუქტი შეჭამა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ვეტერინარს.

რომელი არაქისის კარაქი შეიძლება ძაღლისთვის?

თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის ნატურალური არაქისის კარაქი უნდა შეარჩიოთ, ანუ არაქისის კარაქი დანამატების გარეშე. ნატურალური არაქისის კარაქი მხოლოდ არაქისს (ზოგჯერ - ცოტა მარილსაც) შეიცავს და არ შეგექმნებათ საშიშროება, რომ თქვენი ძაღლი ისეთ ინგრედიენტებს მიიღებს, როგორიც არის შაქარი, სიმინდის სიროფი, ხელოვნური დამატკბობლები (მაგალითად, ქსილიტოლი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ) და სხვა კონსერვანტები, რომლებიც ცხოველის ჯანმრთელობისთვის შეიძლება, სახიფათო იყოს.

Snacky-ის არაქისის კარაქი მხოლოდ ორი ინგრედიენტისგან მზადდება: მოხალული მიწისთხილისა და ზღვის მარილისგან. მასში არ არის ქსილიტოლი, შაქარი, პალმის ზეთი ან კონსერვანტები. მარილის გამო მაინც დაიცავით ზომიერება და ძაღლს მხოლოდ მცირე ულუფა მიეცით.

მოერიდეთ ისეთ არაქისის კარაქის შეძენას, რომლის ეტიკეტზეც წაიკითხავთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის უცხიმოა და მასში შაქრის დაბალი შემცველობაა, რადგან ასეთ პროდუქტში, დიდი ალბათობით, იქნება დანამატები გემოს მისაცემად. მათ შორის, შეიძლება, ბევრ ნატრიუმის ქლორიდს (სუფრის მარილს) შეიცავდეს, რომლის ჭარბი რაოდენობაც ძაღლისთვის საზიანოა.

აქვე გაითვალისწინეთ – ძაღლისთვის არ შეიძლება მთლიანი არაქისის მარცვლების მიცემა, რადგან არ არის გამორიცხული, რომ ამან ცხოველის კუჭ-ნაწლავზე უარყოფითად იმოქმედოს და გაუვალობაც კი გამოიწვიოს.

დასკვნა

მოკლედ, მას შემდეგ, რაც არაქისის კარაქის ეტიკეტზე პროდუქტის შემადგენლობას გულდასმით გაეცნობით და ამ გემრიელი სნექის ძაღლის რაციონში ჩართვისთვის ვეტერინარისგან თანხმობას მიიღებთ, შეგიძლიათ, პირდაპირ კოვზიდან გაუმასპინძლდეთ ან საგანგებოდ მისთვის მომზადებულ დესერტში გაურიოთ.

თუმცა მაინც – ვიდრე არაქისის კარაქის ქილას გახსნით, შებრაწულ პურზე გადაისვამთ და მირთმევას დააპირებთ, ჯერ სცადეთ და თქვენს ერთგულ მეგობარს მისთვის უფრო სასარგებლო ხილი და ბოსტნეული შესთავაზეთ – იქნებ ამით დაკმაყოფილდეს და არაქისის კარაქიან ბუტერბროდზე მისი დაჟინებული და ნაღვლიანი მზერა აირიდოთ კიდეც თავიდან.

თუ გადაწყვეტთ თქვენთვის ან თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის არაქისის კარაქის შეძენას, ეწვიეთ Snacky.ge-ს და გამოიწერეთ საქართველოში წარმოებული კლასიკური არაქისის კარაქი ან ხრაშუნა არაქისის კარაქი.

ხშირად დასმული კითხვები

შეიძლება თუ არა ძაღლს არაქისის კარაქი ყოველდღე?

არა. არაქისის კარაქი ცხიმიანია და ყოველდღიურად მიცემამ შეიძლება ძაღლი გაასუქოს ან პანკრეატიტიც გამოიწვიოს. საკმარისია კვირაში ერთხელ მცირე ულუფა, რომელიც დღის რაციონის 10%-ს არ აღემატება.

რატომ არის ქსილიტოლი საშიში ძაღლისთვის?

ძაღლის ორგანიზმში ქსილიტოლი ინსულინის მკვეთრ გამოყოფას იწვევს, სისხლში შაქარი სწრაფად ეცემა და ცხოველის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამიტომ ეტიკეტზე ყოველთვის შეამოწმეთ, ხომ არ შეიცავს კარაქი ქსილიტოლს ან უცნობ „დამატკბობელს“.

შეიძლება თუ არა ძაღლს მთლიანი არაქისის მიცემა?

არ არის რეკომენდებული: მთლიანმა მარცვლებმა შეიძლება ძაღლის კუჭ-ნაწლავს ავნოს და გაუვალობაც კი გამოიწვიოს. ნებისმიერ ეჭვზე ჯობს, ვეტერინარს მიმართოთ.

წინა
არაქისის კარაქის შენახვის ვადა და პირობები
შემდეგი
არაქისის კარაქის კონვერტორი: რამდენი გრამი და კალორიაა ერთ კოვზში