ბლოგი

არაქისის კარაქის ისტორია - როგორ გახდა ამერიკელთა საყვარელი ხემსი და ჰოლივუდური ფილმების „პერსონაჟი“

არაქისის კარაქის ისტორია - ამერიკელთა საყვარელი ხემსი და ჰოლივუდური ფილმების „პერსონაჟი“

არაქისის კარაქი (Peanut Butter) ამერიკელებისთვის მხოლოდ საყვარელი ნუგბარი არ არის. მას თავისუფლად შეიძლება კულტურის ნაწილიც კი ვუწოდოთ. შეერთებული შტატები ერთ სულ მოსახლეზე მიწის თხილის კარაქის ერთ-ერთი უდიდესი მომხმარებელია. იქ წელიწადში 300 ათას ტონაზე მეტ არაქისის კარაქს მოიხმარენ. ამერიკელები კარაქიან ბუტერბროდს დღისა და ღამის ნებისმიერ დროს, სხვადასხვა კომბინაციით მიირთმევენ: პურით და ჯემით (კლასიკური ვერსია ამერიკული ფილმებიდან), ხილით და ბეკონით. არაქისის კარაქს იყენებენ ნამცხვრებში და ჰუმუსის მოსამზადებლად. ქვემოთ მოგიყვებით არაქისის კარაქის ისტორიას: როგორ მოხვდა არაქისი ამერიკაში, ვინ აქცია ის კარაქად და როგორ გახდა ჰოლივუდური ფილმების „პერსონაჟი“.

როგორ მოხვდა არაქისი ამერიკაში

მიუხედავად იმისა, რომ არაქისის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა, შეერთებულ შტატებში ის შემოვლითი გზით – აფრიკიდან მოხვდა, როდესაც, მონების გადაყვანასთან ერთად, კონტინენტზე ახალი პროდუქტები შეიტანეს.

სამოქალაქო ომის დროს მიწის თხილის პოპულარობა გაიზარდა – მისგან ამზადებდნენ ღვეზელებს, ყავის მსგავს სასმელებს და შოკოლადის შემცვლელადაც კი იყენებდნენ.

ომის შემდეგ არაქისი მთელ ამერიკაში გავრცელდა. მოხალულ თხილს ყველა ქუჩის კუთხეში ყიდდნენ.

ვინ გამოიგონა არაქისის კარაქი?

არაქისის კარაქს ერთი გამომგონებელი არ ჰყავს. მისი მოხმარება მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო: 1884 წელს მოხალული მიწის თხილისგან პასტის დამზადების პატენტი კანადელმა ქიმიკოსმა და ფარმაცევტმა მარსელუს გილმორ ედსონმა (1849-1940) მიიღო.

14 წლის შემდეგ, 1898 წელს, არაქისის კარაქის მომზადება ცნობილმა ექიმმა და სიმინდის ბურბუშელის შემქმნელმა ჯონ ჰარვი კელოგმაც სცადა და საკუთარი მეთოდი დააპატენტა.

ის თავდაპირველად მდიდრებისთვის განკუთვნილ ჯანმრთელ საკვებად მიიჩნეოდა – კელოგმა არაქისის კარაქი თავისი სანატორიუმის მენიუში შეიტანა. არაქისის კარაქი ცილების წყაროდ იქცა ხანდაზმული პაციენტებისთვის, რომლებსაც ხორცის ღეჭვა უჭირდათ. მოგვიანებით, კელოგმა კარაქის კომერციული პოტენციალი გააცნობიერა და მისი გაყიდვა სასურსათო მაღაზიებსა და კაფეებში დაიწყო.

არაქისის კარაქის ისტორია XX საუკუნეში

მეოცე საუკუნის დასაწყისში შეიქმნა პირველი მანქანა არაქისის ქარხნული წარმოებისთვის, ხოლო 1904 წელს უკვე დაპატენტებული კარაქი სენტ-ლუისის მსოფლიო გამოფენაზე (Louisiana Purchase Exposition) წარადგინეს.

დაახლოებით, იმავე პერიოდში, არაქისმა, როგორც სამეურნეო კულტურამ, შეერთებულ შტატებში ბამბის ჩანაცვლება დაიწყო.

მალე არაქისის კარაქი მდიდრების დელიკატესიდან ყოველდღიურ საკვებად იქცა, ხოლო პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედროების მენიუშიც მოხვდა.

არაქისის კარაქის მასობრივი წარმოება 1920-იანი წლებიდან დაიწყო და მწარმოებლებმა შენახვის ვადის გაზრდის გზაც მონახეს. არაქისის კარაქმა პოპულარობის ყველა რეკორდი მოხსნა, როდესაც მცირე რაოდენობით შაქარი დაუმატეს. დიდი დეპრესიის დროს მაღალკალორიული და იაფი სენდვიჩი ბევრისთვის ერთადერთი ხელმისაწვდომი საკვები გახდა.

მას შემდეგ აშშ-ში Peanut Butter-ის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება.

არაქისის კარაქი ამერიკულ კულტურაში

დროთა განმავლობაში მიწის თხილის კარაქმა ამერიკულ კულტურაში შეაღწია. 1916 წელს დაიბადა „მისტერ არაქისი“ - არაქისის კომპანია Planters-ის თილისმა. მხიარული თხილის გამოსახულებას მეორე მსოფლიო ომის დროს პლაკატებზე ბეჭდავდნენ, ომის შემდგომ კი სხვადასხვა სარეკლამო რგოლებში ასახავდნენ.

ამ საყოველთაო კამპანიაში, რა თქმა უნდა, ჰოლივუდიც ჩაერთო.

არაქისის კარაქი ჰოლივუდურ ფილმებში

ბევრ ჰოლივუდურ ფილმში არაქისის კარაქის სცენები საკულტო გახდა. ასეთია მაგალითად:

  • სცენა ფილმიდან „გაიცანით ჯო ბლექი“ / Meet Joe Black (1998), სადაც ბრედ პიტის პერსონაჟმა არაქისის კარაქს გემო პირველად გაუსინჯა;
  • სცენა ფილმიდან „სამყაროთა ომები“ / War of the Worlds (2005), სადაც ტომ კრუზის გმირი შვილებს არაქისის კარაქის სენდვიჩებით კვებავს.
  • 2019 წელს გამოვიდა ფილმი „არაქისის შევარდენი“ / The Peanut Butter Falcon, სადაც არაქისის კარაქი მთავარი გმირის მეტსახელშიც კი მოხვდა;
  • 1985 წელს კი კანადაში გადაიღეს ფილმი „გადაწყვეტილება არაქისის კარაქთან ერთად“ / The Peanut Butter Solution, სადაც ეს პროდუქტი თმის გასაზრდელი ჯადოსნური სითხის მთავარი ინგრედიენტია.

ამ სცენებზე დაწვრილებით ვწერთ სტატიაში 5 ცნობილი ფილმი არაქისის კარაქის საკულტო სცენებით.

არაქისის კარაქი საქართველოში

თუ წლების წინ საქართველოში მიწის თხილის კარაქი იშვიათობა იყო, დღეს ქართველ მომხმარებელს, ჰოლივუდური ფილმის პერსონაჟივით, უკვე აქვს საშუალება, ქართული მიწის თხილის კარაქი ყოველდღიურ რაციონში ჩართოს და მისი სარგებლიანობა თავად გამოსცადოს. სნექი - პირველი ქართული არაქისის კარაქი - მხოლოდ მოხალული მიწისთხილისა და ზღვის მარილისგან მზადდება, დანამატებისა და შაქრის გარეშე. ის ორი გემოთი იყიდება: კლასიკური არაქისის კარაქი და ხრაშუნა არაქისის კარაქი.

რისგან შედგება არაქისის კარაქი

არაქისის კარაქის შემადგენლობა ასეთია:

  • ცხიმი - დაახლოებით ნახევარი, მისი უმეტესობა უჯერი ცხიმია;
  • ცილა - დაახლოებით მეოთხედი;
  • უჯრედისი;
  • E, B3, B5, B6 ვიტამინები, ბიოტინი და ფოლატი;
  • მაგნიუმი, სპილენძი, რკინა, კალიუმი, თუთია და სელენი.

არაქისის კარაქი კალორიულია: ერთ თავმოუდგმელ სუფრის კოვზში დაახლოებით 142 კილოკალორიაა. სხვა ზომის კოვზების მონაცემები თავმოყრილია არაქისის კარაქის კალორიულობის ცხრილში. მასში არსებული უჯრედისი სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

25 კვლევის გაერთიანებული ანალიზის მიხედვით, როცა მონაწილეები დღეში საშუალოდ 67 გრამ თხილეულს მიირთმევდნენ, „ცუდი“ (LDL) ქოლესტერინი დაახლოებით 7%-ით შემცირდა.

წინა
არაქისის კარაქი საუზმეზე - 6 სწრაფი რეცეპტი
შემდეგი
არაქისის კარაქი მამაკაცებისთვის